h1

ქართველი გეი ბიჭის ტრაგიკული ისტორია

January 7, 2010

ნიკა, 15 წლის:

სიცოცხლე ჩემთვის იმდენად უცნაურია… არ მესმის რატომ ცოცხლობენ ადამიანები… ჩვენს გარშემო ხომ ჯოჯოხეთია? ვიბრძვით ბედნიერებისთვის მაგრამ მაინც დამთავრდება ყველაფერი, მით უმეტეს ჩემს შემთხვევაში მხოლოდ მაზოხისტი თუ იცოცხლებდა თავს…

რამდენიმე გზა არსებობს ჩემი ჯოჯოხეთის დასასრულებლად – ან საქართველოდან უნდა წავიდე, ან არადა დავემსგავსო ადამიანს, რომელიც ჩემში არ არის, საკუთარი სული დავკარგო… სული რომელიც ღმერთმა მაჩუქა და დამივიწყა…

ჩემი ცხოვრება: პატარაობიდან ისეთი არ ვიყავი, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ. მხოლოდ გოგოებთან ვმეგობრობდი, ჩემს თანატოლ ბიჭებთან საერთო ინტერესები არ მქონია, პატარებად ვთვლიდი. ჩემი თავი კი უკვე ჩამოყალიბებული მეგონა, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გამაჩნდა და ყველაფერს ძალიან განვიცდიდი. მეზიზღებოდა სიცოცხლე. ოჯახში ქალაჩუნას მეძახდნენ – მე ხომ სულ გოგოებთან ვმეგობრობდი და ქალის ტანსაცმელს ვიცვამდი… სკოლაშიც სულ დამცინოდნენ, ყველასგან გამორჩეულად და ხელმოცარულად მთვლიდნენ, გოგოებიც კი, როცა ჩემ საყვარელ ფერებში ცისარტყელის ფერებს ჩამოვთვლიდი, მეტყოდნენ ფუფ, გაეთრიე ეს ხომ გოგოს ფერებია…

ყოველ დღე მიწევდა შეურაცხყოფის ატანა, არ მეგონა როდესმე რაიმე თუ შეიცვლებოდა. ცოტა რომ მოვიზარდე ახალ სკოლაში და სახლში გადავედი. ეს ის ასაკი იყო, როცა უკვე ჩემი სქესი მეზიზღებოდა. მინდოდა გოგო ვყოფილიყავი. სარკეში ჩახედვისას პენისს ვმალავდი, მაგრამ ბიჭების მიმართ ინტერესი არ მიჩნდებოდა. ლესბი ბიჭი ვიყავი რა… ნელ–ნელა ქრისტიანობასთანაც დავახლოვდი. დღედაღამ ვლოცულობდი. ამ პერიოდში ანომალური სურვილი გამიჩნდა. ალბათ მთელ დედამიწაზე მსგავსი სურვილით ბიჭი არ დადიოდა, მხოლოდ მე მინდოდა გავმხდარიყავი მონაზონი და ღმერთისათვის შემეწირა თავი. მაგრამ ნელ–ნელა ამ ყველაფერსაც ჩამოვშორდი. ღმერთი არ აღმოჩნდა ის, ვისაც მე შევიყვარებდი. მასში ეჭვი გამიჩნდა, ზიზღიც. რატომ არ იყო ჩემს გვერდით? რატომ არ მფარველობდა ჩემი სკოლელებისგან, უბნელებისგან, ოჯახისგან? ყველასთვის მე ვიყავი საზიზღარი და ანომალია, ღმერთის შეცდომა…

ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი, ცხოვრების ყველაზე ბნელი პერიოდი, დეპრესია, თვითმკვლელობის სურვილი, ფსიქოტროპული ტაბლეტები, სახლიდან გაქცევა, საშინელი ჩხუბები… ვიცვამდი ისეთ სტილზე, რომელიც არც გოგოს შეეფერება და არც ბიჭს. ისე გამოვიყურებოდი, რომ ყველასთვის ამაზრზენი ვიყავი, არ ქონდა მნიშვნელობა – გოგო ვიყავი თუ ბიჭი. ოჯახში საშინელი პრობლემები შემექმნა, ჩემს გამო სირცხვილს გრძნობდნენ.

სახლიდანაც წავედი, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა და უკან ვბრუნდებოდი სახლში, სადაც ყველა მეზიზღებოდა. სკოლაში კვირაობით არ დავდიოდი. კლასელები პიდარასტს მეძახდნენ დამცინოდნენ, მასწავლებლებისთვის კი სექტანტი, სატანისტი ან რომელიმე ბნელი იდეოლოგიის მიმდევარი ვიყავი. მაგრამ ქართველი ქრისტიანებისგან განსხვავებით, ვთვლი რომ სული გამაჩნია და ფანატიკოსობაში არ გადამდის რწმენა, არავის განვიკითხავ და არც ჩემ ორიენტაციას ვთვლი ღმერთისგან დაგმობილს, რადგან ღმერთი სიყვარულს ქადაგებს, მე კი სიყვარული შემიძლია…

ალბათ ბევრ თქვენგანს შევუმჩნევივარ ქუჩაში, შეიძლება შეგიგინიათ კიდეც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს დაენახა, როგორი მამულიშვილი და ნამდვილი ქრისტიანები ხართ.

„ნატურალი“, გეი და ლესბი მეგობრები მყოლია, მაგრამ თუ შეიძლება მათ მეგობრები ვუწოდო, არ ვიცი. თითქმის ყველამ გამწირა, ჭორები დამიყარეს, თან გამოგონილი ისტორიები. ვერ ვხვდები, ასე რატომ მომექცნენ? რატომ ან რისთვის? ალბათ ეს ჰომოფობიური თვისებაა…


ეხლა ჩვეულებრივი ბიჭივით ვცდილობ ჩაცმას, მაგრამ ისეთი ტიპაჟი მაინც არ ვარ – ქართველი ვაჟკაცი, მანდილოსნების ინტერესი რომ დავიმსახურო. არა, ინტერესს ყოველთვისაც ვგრძნობდი, მაგრამ ეს ინტერესი მხოლო და მხოლოდ ზიზღით შემოიფარგლებოდა… უცხო ადამიანების რეაქციები ჩემს მიმართ ნამდვილად შეიცვალა, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ძველი ვახსოვარ, ისევ ისეთი აგრესიით არიან განწყობილი.

ერთადერთი ოცნება მაქვს გავაღწიო საქართველოდან და ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც მიცნობს, რამდენიმე წელში სრულწლოვანი გავხდები და აუცილებლად გავაგრძელებ საყვარელ საქმეს უკვე სხვა ქვეყანაში.

ჩემი ჩანაწერიდან გამომდინარე იფიქრებთ, რომ მე სქესის შეცვლა მინდა. არა, არანაირად, მე კმაყოფილი ვარ ჩემი სქესითაც და ორიენტაციითაც. არ ვიცი ბისექსუალი ვარ თუ გეი, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ სიყვარული შემიძლია, სიყვარული კი ყველანაირი გამართლებულია…
Follow

Get every new post delivered to your Inbox.